logo
ENG



"სახალხო დამცველის არჩევა შესრულებული რეკომენდაციაა" - იოსელიანი NGO-ების ანგარიშზე

20 აპრ 202314:49
3 წუთის საკითხავი
 
"სახალხო დამცველის არჩევა შესრულებული რეკომენდაციაა" - იოსელიანი NGO-ების ანგარიშზე
ფოტო: ვახო ქარელი

სახალხო დამცველი ლევანი ოსელიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, კერძოდ, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა შესრულებული პუნქტია.

ასე გამოეხმაურა ის 8 ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შეფასების დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

იოსელიანის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებიც უდასტურებენ, რომ სახალხო დამცველის არჩევა ერთ-ერთი შესრულებული რეკომენდაციაა.

"მე არ ვიცი ეს ვისი მოსაზრებაა კონკრეტულად, მაგრამ სახალხო დამცველის არჩევა ეს არის შესრულებული რეკომენდაცია და ამას ადასტურებენ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც მე ვხვდები მათ და როდესაც მილოცავენ თანამდებობაზე არჩევას.

სახალხო დამცველი ევროპის უმეტეს ქვეყანაში, 37 ქვეყანა შეიძლება დასახელდეს, სადაც სახალხო დამცველები არიან ყოფილი პოლიტიკოსები, ძირითადად, პოლიტიკოსები ხდებიან სახალხო დამცველები, რადგან სახალხო დამცველის არჩევის პროცესიც დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ იქ არჩევანი გაკეთდება პოლიტიკოსზე, რომელიც ტოვებს პოლიტიკას და აგრძელებს უფლებებზე მუშაობას და არა მესამე სექტორზე ან რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციაზე და ჩვენი ქვეყანა თუ განვითარდება პოლიტიკური პლურალიზმის ჭრილში და ბევრი პარტია იქნება სამომავლოდაც პარლამენტში, დამერწმუნეთ, ყოველთვის, ჩემს შემდგომაც პარლამენტში არჩევანი გაკეთდება პოლიტიკოსზე", - განაცხადა იოსელიანმა.

8 ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შეფასებაში აღნიშნულია, რომ სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი რეკომენდაცია - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება. ამასთან, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა. ნაწილობრივ შესრულებულ ერთ-ერთ პირობაში დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევაა მოცემული. 

***

სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი მისივე პარტია მოქალაქეებმა 28 თებერვალს წარადგინა. 

6 მარტს უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს იოსელიანის კანდიდატურას. 

2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირდა ოპოზიციის ნაწილიც. 

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა. საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.


close დახურვა